2025 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში საჰაერო ტვირთის მოცულობამ 2 268,286 ტონა შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით გაზრდილი ტვირთბრუნვაა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვრის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) 492,611 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ი. იანვარში YTO Cargo Airlines-ი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 348,904 ტონა ტვირთს მოემსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ YTO Cargo Airlines-ი პირველად მოხდა იმ ავიაკომპანიების TOP-5-ში, ვინც ქართულ ბაზარზე ყველაზე მეტ ტვირთს მოემსახურა.

ქართული სატვირთო ავიაკომპანია GeoSky​ იანვარში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 282,040 ტონა ტვირთს (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) მოემსახურა, რითაც ავიაკომპანია მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მეოთხე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო გადამზიდავი Georgian Airlines-ი​​, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2025 წლის იანვრის განმავლობაში 206,799 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გაატარა.

ერთი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეხუთე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაგადამზიდავი  MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 145,005 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გადაზიდა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

YTO Cargo Airlines;

GeoSky;

Georgian Airlines;

MNG Airlines;