2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
2025 წლის პირველ ნახევარში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16,550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, 3,685.191 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც მთლიანი ტვირთბრუნვის 22%-ია.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. იანვარ-ივნისში Georgian Airlines-ი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 2,129.110 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე გატარებული ტვირთნაკადით ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ი მესამე პოზიციაზეა. ავიაკომპანია TOP 5-ში პირველად იანვარში გამოჩნდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1,799.915 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მეოთხე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო გადამზიდავი GeoSky, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2025 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში 1,350.159 ტონა ტვირთი გაატარა.
ექვსი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე გადაზიდული ტვირთნაკადით მეხუთე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი CAMEX Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1,134.255 ტონა ტვირთი გადაზიდა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
YTO Cargo Airlines;
GeoSky;
CAMEX Airlines;
PS. სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს.












