საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერების დამონტაჟება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.

თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.

პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.