საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავიაკომპანია “Pobeda Airlines”-ის მიერ წარმოდგენილი ახალი განაცხადი და მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა შემდეგ საჰაერო ხაზებზე მიანიჭა: სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი-თბილისი-ყაზანი, პერმი-თბილისი-პერმი და ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი.
რეისები 2018-2019 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი სიხშირეებით შესრულდება:
სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით – ყოველდღიურად;
ყაზანი-თბილისი-ყაზანის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
პერმი-თბილისი-პერმის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს;
ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით ფრენები 3 ნოემბრიდან, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
როგორც მგზავრებისთვის გახდა ცნობილი, შეცვლილი განრიგების დამტკიცებამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა “Pobeda Airlines”-ის პირველადი განაცხადი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-პერმი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ყაზანი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზებზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგები ითვალისწინებდა ე.წ. “სამკუთხედის სქემას”, სადაც ფიგურირებდა ქალაქი თბილისი. საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული ტექნიკური შეხვედრის ოქმის საფუძველზე კი, ორ ქვეყანას შორის ე.წ. “სამკუთხედის სქემით” ფრენების განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სქემაში არ ფიგურირებს ქალაქები – თბილისი და მოსკოვი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალიწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, “Pobeda Airlines”-ს როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგურალური ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. რეისები ამ მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით სრულდება.