საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში კორექტირება შეიტანა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს (ICAO-ს კოდი EVRA) შორის რეგულარულ რეისებზე შეზღუდვა მოხნა. ამით კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქუთაისსა და რიგას შორის რეგულარულ ფრენებზე დაშვება გააკეთა. შესაბამისად რიგის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება შესაძლებელია როგორც თბილისისი ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს.

მაშ ასე, არსებული NOTAM-ით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20).

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს (ICAO-ს კოდი EVRA) შორის.

“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.