საქართველოს საავიაციო ბაზრის კლება წელს, სავარაუდოდ, 81% იქნება. ამის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ანგარიშშია საუბარი, რომელშიც ავიაციასა და ტურიზმზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზეა საუბარი.
დოკუმენტში მიმოხილულია 10 ქვეყანაში არსებული ვითარება (ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი). წინასწარი მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან პანდემია ყველაზე ნეტაგიურ გავლენას საქართველოსა და ტაჯიკეთზე ახდენს.
ანგარიშის მიხედვით, თუ საქართველოში საავიაციო მგზავრთნაკადი 2019 წელს 5.2 მილიონი იყო, წელს მხოლოდ ერთ მილიონს მიაღწევს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიდა ფრენების ბაზარი საქართველოსა და ტაჯიკეთში უმნიშვნელოა და წელიწადში 100 ათას მგზავრს არ აღემატება.
მიმოხილვაში საქართველო მითითებულია იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც საავიაციო სფეროში სამუშაო ადგილების დაკარგვის დიდი საფრთხეა. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.
„CAREC-ის ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მოგზაურობასა და ტურიზმზე, 2019 წელს ამ სფეროს წილი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 26% იყო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორები მაგალითისთვის წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა ჯერ აღდგენილი არ არის და იმედოვნებენ, რომ ალმათი-ბათუმის რეისი 2021 წლის ზაფხულის სეზონზე დაიწყება.