მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს. ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი – ბათუმი -ვილნიუსისა და ტალინი – ბათუმი – ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Getjet-ის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ორშაბათი), Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. პირველი რეისი აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ გუშინ შეასრულა. რაც შეეხება ესტონური Smartlynx-ის განაცხადს, ავიაკომპანია ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ორივე ავიაკომპანიას მოთხოვნილი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიენიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლიეტუვის, ისე ესტონეთის ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდნენ.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.