გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს. როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 23 სექტემბრისთვის დაინიშნა დამატებითი  რეისი ბერლინი-თბილისის მიმართულებით​.

“საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე შესაბამისი ვიზით შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ყოფნის ვადა გაგრძელებულ იქნა 30 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ 23 სექტემბრისთვის დანიშნულ იქნა დამატებითი ახალი რეისი მიმართულებით ბერლინი-თბილისი:
აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი. ავიარეისზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანია Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე, ან გერმანიაში Georgian Airways-ის წარმომადგენლობაში ტელ.: +49 160 90627573″, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ბილეთის ფასი  კი 199 ევროა.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.

„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.