გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შევიდა საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).
აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:
- ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
- გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
- მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
- სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
- სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
- სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:
სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
- ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი გარემოებით,
- პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
- პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.
- დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
- რეპატრიანტები,
- ტრანზიტული მგზავრები
ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:
1. არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,
2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
3. პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.
ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).
ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3
ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.
ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული არ არის.
ამასთან, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.bundesgesundheitsministerium.de/coronavirus-infos-reisende/faq-tests-einreisende.html
ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს https://www.bundesregierung.de/breg-de/themen/coronavirus/corona-bundeslaender-1745198
გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე https://tools.rki.de/PLZTool/)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები იცვლება ყოველდღიურად.