საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სახელმწიფო Georgian Airways-ს არ დააფინანსებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ავიაკომპანიას დაუწესდება ავიაბილეთის ფასის ზედა ზღვარი და კომპანია ასე მოახდენს ბილეთების რეალიზაციას. როგორც ირკვევა ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ უნდა იყოს.
“Georgian Airways-თან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ჩვენი ხედვა მარტივია. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში. ყველა კომპანია ვალდებულია, სხვა თუ არაფერი პატრიოტული მოწოდებითაც კი, კანონითაც შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან. მათ შორის ავიაკომპანიებიც. შესაბამისად კვირაში 2 რეისი შესრულდება ეს იქნება არარეგულარული, არამედ სპეციალური ჩარტერული რეისი. სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისს შეასრულებს, მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ბილეთის ფასი მაქსიმალურად მისაღები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ მათ ბილეთის ფასის მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. ავიაკომპანია ასევე გაფრთხილებულია, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიერ დაწესებული წესებით, თვითმფრინავის სალონში დაცული უნდა იყოს მგზავრთა ე.წ. ჭადრაკული განთავსების წესი. ჩვენ მიღებული გვაქვს დასტური Georgian Airways-გან, რომ ისინი ამას დაემორჩილებიან იმიტომ, რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის დღევანდელი საგანგებო ვითარების რეალია და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.