საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერებული ფრენების ფონზე, თურქეთის ტერიტორია ვერ დატოვეს  პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს არ დაექვემდებარებიან.

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, პირები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ მისი ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით კი, 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და მ/წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად.

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები”, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

?დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე☎️:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26