12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ (პორტალი 12 აპრილიდან ამოქმედდება)

​ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

​სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5300 შეკელს .

​ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

​სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

​დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:

​საშუალო სკოლა დამთავრებული;

​სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

​ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:

• საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;

• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

• ნასამართლეობის არ მქონე;

• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;

• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;

• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505.

დროებითი ლეგალური დასაქმება საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

ვრცლად: http://stratcom.gov.ge/s/58cd4