საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობით ინტერესდებიან, მაგრამ მოთხოვნა მაინც დაბალია. რაზეც თავის მხრივ გავლენას ახდენს ავიაბილეთის მაღალი ფასები და საპროტესტო აქციები თბილისში. ამის შესახებ რუსული მედია ტუროპერატორების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
„რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ იყო და რჩება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც იხსნება შავი ზღვის კურორტები, მათ შორის ბათუმი და სარფი. ამ მიზეზით ვქმნით ტურისტულ პაკეტებს საქართველოში მრავალფეროვანი ექსკურსიის პროგრამით, ასევე სპეციალურ საზაფხულო კომბო პაკეტებს „საქართველო-სომხეთი“. ნაადრევია გამოთვლა, რამდენი პროცენტით გაიზარდა ტურების გაყიდვები დღეს რუსეთის მხრიდან – დრო სჭირდება ამ დინამიკის დადგენას და ობიექტური ანალიტიკის გაკეთებას, ”- თქვა ტურისტული კომპანია Space Travel გენერალურმა დირექტორმა და ATOP-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამყვანი ტურიზმის საკითხებში არტურ მურადიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ გაიზარდა ინტერესი რუსეთში როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მიზნებით მოგზაურობის მიმართ.
„დარწმუნებული ვარ, ეს ინტერესი მომავალში მხოლოდ გაიზრდება, თუ პოლიტიკური დაძაბულობა მაქსიმალურად შემცირდება“, – მიიჩნევს მურადიანი.
თავის მხრივ, „ინტურისტმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ტურებზე და საზღვაო დასვენებაზე მოთხოვნაა, თუმცა გაყიდვები მაინც ცოტაა.
„ტურისტები მზად არ არიან ავიაბილეთებში დიდი თანხა გადაიხადონ და ღირებულების შემცირებას ელოდებიან. ამიტომ, გაყიდვების დონის კოვიდამდე მაჩვენებლების აღდგენაზე ამ დროისთვის საუბარი არ არის. გარდა ამისა, რუსებს აწუხებთ საქართველოში ზოგიერთი აქტივისტის არამეგობრული ქმედებები. უმრავლესობა ასეთ სიტუაციაში უპირატესობას ანიჭებს სხვა, უფრო პროგნოზირებად მიმართულებებს“, – განმარტავენ ტურისტული კომპანიის პრესსამსახურში.
მანამდე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმა (PCT) ასევე აღნიშნა, რომ ავიაბილეთის მაღალი ფასის გამო საქართველოში მოგზაურობებზე გადაჭარბებული მოთხოვნა არ არის, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, დამატებითი ფრენების დაწყება იქნება ნაბიჯი ტურისტული მასიური ნაკადის აღდგენისკენ.