2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები British Airways-ი და easyJet-ი იწყებენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით და განრიგით შესრულდება:
• British Airways-ი ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი – თბილისი – ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
• easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1 აპრილიდან ლონდონი – თბილისი – ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
• easyJet Switzerland ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა – თბილისი – ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს;
• easyJet Europe Airline GmbH ფრენებს შეასრულებს 1 აპრილიდან მილანი – თბილისი – მილანის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს მიმდინარე წლის 14 მარტს მიანიჭა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნება და წამყვანი მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური EasyJet-ის ჯგუფში შემავალი ავიაკომპანიების შემოსვლა დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე.