ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი მხარდაჭერით, კულტურული ტურიზმის მომსახურების სფეროს აქტიური ხელშეწყობა მიმდინარეობს.
საქართველოს ყველა კუთხე მდიდარია კულტურული ძეგლებით, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები, რომლებმაც უკანასკნელ წლებში, ტურისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. კულტურული ტურიზმის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და არ ჩამოუვარდება ტურიზმის სხვა აქტიურ მიმართულებებს.
ამასთანავე, კულტურული ტურიზმი მიმღები ქვეყნისთვის, საკმაოდ შემოსავლიანად მიიჩნევა. ვინაიდან, არსებული პრაქტიკით, კულტურული მიზნით მოგზაური ტურისტები სხვა ტიპის ტურისტებზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და ამ ტენდენციის გათვალისწინებით, კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციას, ქვეყნისთვის, მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებში შეიქმნა ბევრი ახალი ბიზნესი, სამუშაო ადგილი და შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო. საქართველოს კულტურული, ტურისტული ღირსშესანიშნაობები საჭიროებს სათანადო წარმოჩენას. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული გიდების ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში“- ამბობს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი.
დონორების მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციასთან პარტნიორობით, მაღალმთიან რეგიონებში კულტურული ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი გიდებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ სერიები ჩატარდა.
„40-ზე მეტი მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ტრენინგ სერიებში. ჩვენ ვასწავლეთ მათ ის უნარ-ჩვევები, რაც გიდს სჭირდება მსოფლიო სტანდარტის მიხედვით. ასევე გვქონდა წითელი ჯვრის პრაქტიკული სესიები, რომლის ტექნიკების ცოდნაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა პროფესიონალი გიდისთვის“ – აცხადებს საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე.
ტრენინგ მოდულები მოიცავდა, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საჭირო კომპონენტს, რომლის შედეგადაც, მონაწილეები ახლა უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურებიან ტურისტებს და შეეძლებათ უფრო საინტერესოდ წარმართონ ტური. ტრენინგის მსვლელობისას, აქცენტი ასევე გაკეთდა პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარებზე, საგანგებო სიტუაციის მართვასა და ადმინისტრებაზე დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, კვალიფიციური სამედიცინო ჯგუფის მოსვლამდე.
აღნიშნულ ტრენინგ სესიებს, რომელიც ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით განხორციელდა, აქვს პოტენციალი, დაეხმაროს ახალგაზრდებს იპოვონ მნიშვნელოვანი სამუშაო რეგიონში და მიიღონ შემოსავალი ადგილობრივად. ეს არის მდგრადი ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტი.
„აქამდე კულტურული გიდები ტურისტებს თბილისიდან მოჰყვებოდნენ რეგიონებში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაჭაში. ახლა უკვე, როდესაც ჩვენ გავხდით პროფესიონალი ადგილობრივი კულტურული გიდები, ჩვენ უფრო ღრმად შეგვიძლია ჩვენი კუთხე მივაწვდინოთ სტუმარს, ავუხსნათ ჩვენი კულტურა, გასტრონომია, და ა.შ. 10 წელია ვმუშაობ ამ პროფესიით მაგრამ სერტიფიკატი არ მქონდა აღებული და ახლა მომეცა ამის საშუალება. ეს საკვალიფიკაციო კურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იყო ჩვენთვის,ადგილობრივებისთვის. პირველ რიგში, ხელსაყრელი იყო იმ კუთხით, რომ ტრენინგები ჩვენს რეგიონში ჩატარდა და მონაწილეებს არ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები თბილისში წასვლისთვის. ვფიქრობ, რომ საოცრად მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა რეგიონში კულტურული ტურიზმის მომსახურების სფეროს განვითარებისთვის, რადგან პროფესიული ზრდა გიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს კულტურული გიდი რაჭიდან შორენა ბალიაშვილი.
46 სერტიფიცირებული პროფესიონალი ადგილობრივი კულტურული გიდი მაღალმთიან რეგიონებში, ახლა ფლობს საერთაშორისო სტანდარტებს შესაბამის ცოდნას და უნარებს. ამ მიღწევებმა შექმნეს ახალი შესაძლებლობები, სამუშაო ადგილები და შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა. ამასთანავე, აღნიშნული პროფესიული ზრდა, ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის საფუძვლიან შენარჩუნებასა და მასპინძელ საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერებას.