საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე,  “მასტერკლასის თეატრში”  ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ.  Show Kitchen მოეწყობა.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ  მონაწილეებს.  The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და ქვევრის ნატურალური ღვინო იქნება წარმოდგენილი.

20 და 21 ივნისს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ფესტივალის მონაწილეები ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ სამზარეულოს, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს.

The National Geographic Traveller Food Festival 2019 წლიდან ტარდება. ფესტივალში წელს 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. ლონდონის ფესტივალს  6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება.