სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ და სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერმა საქართველოდან დავით ჭეიშვილმა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს რიგით 61-ე სესიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო მოძრაობის მართვის აქტუალური და მიმდინარე საკითხები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გათვალისწინებით ევროპის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი მაჩვენებლები და საოპერაციო გამოწვევები განიხილეს. EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფოებმა ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გახანგრძლივების შესაძლებლობებზე, რაც საომარი მოქმედებების გამო სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის იძულებით დახურვით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. საქართველო აღნიშნული დახმარების ღონისძიებას საწყისი ეტაპიდანვე უჭერს მხარს.
სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა EUROCONTROL-ის პირველ პირებთან და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.