პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Georgian Airways ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ – ის პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ბორტი, რომელიც Georgian Airways-ს ლიზინგის წესით გადაეცა. ავიახომალდი საქართველოს ავიაციაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.
ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ ”ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ასევე აღნიშნული ბორტის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.