საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდავი, უნგრული “ლოუქსოტერი” Wizz Air-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Wizz Air-ი 469222 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის 13%-ის მფლობელია. ლიდერ, მეორე ადგილზე 12%-იანი წილით თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელიც 10 თვეში თურქეთსა და საქართველოს შორის შესრულებული რეისებით 456802 მგზავრს მოემსახურა.
იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მესამე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 333056 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილს 6%-იანი წილით ბელარუსის ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 207451 მგზავრს მოემსახურა. ბაზრის 5-5%-ის მფლობელები და შესაბამისად მეხუთე ადგილზე არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai, აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.
10 თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით მეექვსე პოზიციაზეა და საქართველოს ავიაბაზრის 4%-იან წილს ფლობს საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი, ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia და ისრაელის ავიაკომპანია EL AL.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Aircompany Armenia, Qatar Airways, Arkia, Air Astana და LOT Polish Airlines-ი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.