საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Wizz Air-ია. “ლოუქოსტერმა” საქართველოს ბაზრის ლიდერის სტატუსი, პირველად, 2018 წლის მაჩვენებლებით მოიპოვა, 2019 წელს პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და COVID-19 პანდემიის პირობებშიც კი მოახერხა და 2020 წლის მაჩვენებლებით ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.
2020 წლის რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, Wizz Air-ის წილი 23 %-ია, რაც იმას მოწმობს, რომ 2020 წელს კომპანიამ მოახერხა და საქართველოს ავიაბაზარზე წილობრივი გადანაწილების მიხედვით მდგომარეობა 7%-ით გაიუმჯობესა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში რეგულარული რეისებით, ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომაპანია Wizz Air-ი მოემსახურა და რომელმაც საანგარიშო პერიოდში 172 012 მგზავრი გადაიყვანა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2017 წელს საქართველოს ავიაბაზარზე Wizz Air-ის წილი 8%-ი იყო, 2018 წელს 12%, ხოლო 2019 წელს 16%-ი.
2020 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომლის ბაზრის 12%-ის მფლობელია. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით Turkish Airlines-ი წილი 1%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2018-2019 წლებში ავიაკომპანია ბაზრის 11-11%-ს ფლობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით (პროცენტულ ჭრილში) Turkish Airlines-ი 2017 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა, რადგანაც Turkish Airlines-ი 2017 წელს საქართველოს ავიაბაზრის 12%-ის მფლობელი იყო.
რეიტინგში მესამე ადგილზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მისი მონაგარი 2020 წელს, 43106 მგზავრით, ბაზრის 6%-ია.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წელს Georgian Airways-ი ბაზრის 10%-ის მფლობელი იყო, 2018 წელს 11%-ი იყო, ხოლო 2017 წელს 10%-ი.
2020 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილზე, ბაზრის 5%-იანი წილით რამდენიმე კომპანიაა – უკრაინული Skyup airlines-ი (+2%), თურქული Pegasus Airlines-ი (+1%) და ბელორუსული Belavia (+2%).
საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილს ფლობენ: flydubai, Air Arabia და Lufthansa.
3-3%-ს კი ფლობენ: Ukraine International Airlines-ი (FlyUIA), Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Qatar Airways-ი და Ryanair-ი.
2020 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე 2-2%-იანი წილის მფლობელები არიან შემდეგი ავიაკომპანიები: Israir Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი და Aircompany Armenia.
2020 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 93%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 7%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება შეზღუდული ჰქონდა. “ცის” გახსნის პროცესი დაწყებულია, თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანია რეგულაციების ფონზე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების განახლებას დღემდე ვერ ახერხებს.