საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი გახდა. ​AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარში Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 30 ათას 264 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 13%-ი მოდის.

იანვრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 27 ათას 770 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც იანვრის მაჩვენებლებით ბაზრის 10%-ის მფლობელია. გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა ასევე ბელორუსული ავიაკომპანია Belavia (8%) და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai (7%).

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ბაზრის 6-6%-იან წილს იყოფენ უკრაინული “ლოუქოსტერები” SkyUp Airlines-ი და Bees Airline. იანვარში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილს ფლობენ AZAL და Israir Airlines-ი. ბაზრის 3-3%-იან წილს ფლობენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და არაბული ავიაკომპანია Air Arabia.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.