საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში რეგულარული და ჩარტერული რეისებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 191307 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 18%-ი მოდის.
იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 13%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით, 129819 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც იანვრ-მარტის მაჩვენებლებით ბაზრის 9%-ის მფლობელია. Pegasus Airlines-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 93679 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი, რომლის საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 6%-ის მფლობელია და ლიდერთა რეიტინგშიც მეთხე პოზიციას იკავებს. მეხუთე პოზიციაზე კი პროცენტული კუთხით ორი ავიაკომპანიაა: ბელარუსული ავიაკომპანია Belavia (5%) და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai (5%).
პირველი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ბაზრის 4%-ის მფლობელია ისრაელის ავიაკომპანია EL AL და არაბული ავიაკომპანია Air Arabia.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვითვე ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი, არაბული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi.
საქართველოს ავიაბაზარზე 2-2%-იანი წილით არიან წარმოდგენილნი Aircompany Armenia, LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი, Fly Arystan-ი.
2023 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკით, ეროვნული ავიაკომპანიების წილი 1%-ია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს, თუ თვეს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.