საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ კომპანია Wizz Air-ია. 2019 წლის იანვარ–სექტემბრის სტატისტიკური მაჩვენებლებით, “ლოუკოსტერი” საქართველოს ავიაბაზარზე 9 თვეში 592 ათას 988 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 15%-ის მფლობელი გახდა.
2018 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით, Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის 11%-ს ფლობდა და ის ლიდერ 3 ავიაკომპანიას შორის იყო, რომლებიც ბაზრის 11-11-11%-ს თანაბრად ინაწილებდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ მგზავრს Georgian Airways-ი და Turkish Airlines-ი მოემსახურნენ.
9 თვეში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, აღნიშნული ავიაკომპანიები პროცენტულად მეორე ადგილზე არიან და ბაზრის 11-11%-იან წილს “მეგობრულად” ინაწილებენ. რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობის მხრივ 9 თვეში Georgian Airways-ზე (435208 მგზავრი) მეტ მგზავრს Turkish Airlines-ი (443932 მგზავრი) მოემსახურა.
2018 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მაჩვენებლებით, Georgian Airways-ი, ისევე როგორც Turkish Airlines–ი ბაზრის 11-11%-ს ფლობდნენ. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ორივე ავიაკომპანიამ ბაზრის წილი (პროცენტულ ჭრილში) უცვლელად შეინარჩუნა.
2019 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით მესამე ადგილზეა, ავიასანქციების გამო საქართველოს ბაზრიდან უკვე გასული, რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი, რომელიც 9 თვის მაჩვენებლებით 5%-ის (190341 მგზავრით) მფლობელია.
მეოთხე ადგილს, 4-4%-იანი წილით, რუსული Pobeda Airlines-ი, უკრაინული Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) და არაბული Fly Dubai ინაწილებენ.
საგულისხმოა, რომ 2019 წლის 9 თვის მაჩვენებლებით, რუსული ავიაკომპანიები მთლიანობაში საქართველოს ავიაბაზრის მინიმუმ 15%-ს აკონტროლებდნენ. როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთს შორის პირდაპირი ავიამომისვლა, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.
საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იან წილს ფლობენ: Pegasus Airlines-ი, Air Arabia, Skyup Airlines-ი, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), EL AL-ი.
2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 2-2%-იანი წილის მფლობელები არიან: Qatar Airways-ი, Aeroflot-ი, Belavia, S7-ი, Israel Airlines-ი, Lufthansa, Qeshm Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი და Air Astana.
2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 88%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 12%-იეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის. 2018 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად კი 87%-ი უცხოურ, ხოლო13%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4 მლნ 57 ათას 319 მგზავრი შეადგინა.
PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.