საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია Air Malta -მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. საინაუგურაციო რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ. მალტაზე გაფმრენ მგზავრებს კი ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები.

საქართველოს ავიაბაზარზე ეარ მალტას ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტის ტერმინალში საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, ავიაკომპანია Air Malta-ს მარკეტინგის მენეჯერმა მარიონ პეისიმ, ტავ ჯორჯიასა და ინტერკო თრეველ ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში ეარ მალტას კომერციული წარმომადგენლები არიან. რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით  ხუთშაბათობით შესრულდება.

,,საქართველოს აეროპორტების დირექტორის“ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ევროკავშირიდან ახალი ბაზრების ათვისებას.

,,ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ბაზარზე. განსაკუთრებით გვახარებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ასეთი პროცესები. დღეს დაიწყო საქართველოში ოპერირება ავიაკომპანია Air Malta-მ, რომელიც ერთმანეთთან არამხოლოდ საქართველოსა და მალტას დააკავშირებს, არამედ ათეულობით ქვეყანას, განსაკუთრებით კი იტალიას, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს. დღეიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ კომფორტული და თანამედროვე AIRBUS A 320 ტიპის ავიალაინერებით იმოგზაურონ საქართველოში,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს Air Malta -ს  სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.

ავიაკომპანია Air Malta 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.