საქართველოს ავიაბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის. ოქტომბრიდან მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენებს ავიაკომპანია Air Moldova დაიწყებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Air Moldova ოქტომბრიდან, კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. ხოლო ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.