საქართველოს ავიაბაზარს მალე ახალი “ლოუ-ქოსტერი” შეემატება. ავიაკომპანია Air Georgia (“აირ ჯორჯია”) იქნება პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიან ფრენების სეგმენტსაც დაფარავს და ოპერირებას Air Georgia Express-ის ბრენდით მოახდენს.
ავიაკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია რეგულარულ რეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით შეასრულებს.
თუმცა მანამდე, 20 ოქტომბერს Air Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ორ ერთეულ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს ჩამოიყვანს, რაშიც 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი.
როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რეისების ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება, მას შემდეგ რაც ავიაკომპანია “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ ყველა შესაბამის ნებართვას მიიღებს.
“ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ სააგენტოს და წარვადგენთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. მას შემდეგ, რაც მივიღებთ შესაბამის ნებართვებს, დადგინდება კონკრეტულად რომელ ქვეყნებში შევასრულებთ რეისებს. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული ავიაკომპანია მომხმარებელს დაბალბიუჯეტურ ავიაბილეთებს შესთავაზებს“ – განაცხადა გიორგი კოდუამ.
მისივე განმარტებით, ეს არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპისთვის კი, სავარაუდოდ მომავალ გაზაფხულზე, ავიაკომპანია კიდევ ორ თვითმფრინავს ჩამოიყვანს.