საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოემსახურა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე სულ 179 514 მგზავრს მოემსახურა, რითაც ავიაკომპანია ბაზრის 19%-ის მფლობელი გახდა. გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტი მგზავრი თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა გადაიყვანა, ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი იკავებს.
2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე:
1. Wizz Air – 19%,
2. ⁠Pegasus Airlines – 9%,
3. Georgian Airways – 8%,
4. ⁠Azerbaijan Airlines – 7%,
5.Turkish Airlines – 7%.
საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 59%-იანი ზრდა აჩვენეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 996 096 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. მიმდინარე მაჩვენებლები 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 124%-იან ზრდას აფიქსირებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-თებერვალში 626137 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 443 953 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 665 314 მგზავრს, ხოლო 2024 წლის პირველ ორ თვეში კი 915 710 მგზავრს მოემსახურა.