საქართველოს ავიაბაზარი, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საკმაოდ მიმზიდველია ავიაგადამზიდველებისთვის, აცხადებს AviaNews-თან ინტერვიუში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.
მისი თქმით, საავიაციო ხელისუფლება – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ატარებენ საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პოლიტიკას.
“შედეგად, თუ არ ჩავთვლით ისეთ გაუთვალისწინებელ ფაქტორებს, როგორიც იყო პანდემია და მანამდე რუსეთის ფედერაციის მიერ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა, ჩვენს ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. უშუალოდ 2021 წელს რაც შეეხება, ზაფხულის სეზონის პიკურ პერიოდში, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებდა 40 ავიაკომპანია, ერთი ავიაკომპანიით ნაკლები ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კერძოდ კი 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ბაზარზე 34 ავიაკომპანია ოპერირებს. 2019 წლის ანალოგიურ სეზონზე საქართველოში 31 ავიაკომპანია ახორციელებდა საჰაერო მიმოსვლას. შესაბამისად ავიაბაზარი მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საკმაოდ მიმზიდველია ავიაგადამზიდველებისთვის.
საავიაციო ხელისუფლების როლი ავიაკომპანიების დაინტერესების პროცესში ითვალისწინებს ისეთი საქმიანობის გატარებას, როგორიცაა ამა თუ იმ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმება ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი შეთანხმებების მიხედვით, ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, არ არის შეზღუდვა დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საავიაციო ხელისუფლება ასევე არ არის ჩართული ავიაკომპანიების მიერ ტარიფების განსაზღვრის პროცესში. ინფორმაციისთვის, საქართველოს ამგვარი შეთანხმებები გაფორმებული აქვს 25 ქვეყანასთან. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რომლის რატიფიცირება ევროპულმა სახელმწიფოებმა 2020 წელს მოახდინეს. აღნიშნული შეთანხმების არსებობა ამარტივებს მხარეების ოპერატორების საავიაციო ბაზარზე ურთიერთ დაშვებას. სააგენტო სამინისტროსთან ერთად აქტიურად აგრძელებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფრენის ნებართვის გაცემის პროცესი გამარტივებულია და ხორციელდება ოპერატიულ, 24 საათიან რეჟიმში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ავიაკომპანიებს საქართველოში ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ განსაზღვრონ ფრენის სიხშირეები და საკუთარი საფასო პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას და თავის მხრივ დადებითად აისახება ავიაბილეთის ფასზე და მომსახურების ხარისხზე”,- განმარტავს კარანაძე.