საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ჰუმანიტარული და სატვირთო რეისიები არ შეყოვნებულა, ყველა აეროპორტი გახსნილია ოპერირებისთვის და ფუნქციონირებს შეუზღუდავად – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.

ლევან კარანაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაციაზე უპრეცენდენტო დარტყმა განხორციელდა.

“აქამდე მსგავს დარტყმას კომერციული ავიაცია არ შეჯახებია. არც ერთი ფუნქცია ჩვენი მხრიდან არ არის შეზღუდული. თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების გამო, იმის გამო რომ პროფესიონალები არიან ჩართულები COVID-19-თან ბრძოლაში, გადაწყვეტილებები იქნა დროულად მიღებული. იყო კრიტიკა იმაზე თუ რატომ ვზღუდავდით ფრენებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი ცხადყოფდა იმას, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო. 

ლევან კარანაძის ინფორმაციით, საქართველოში, თებერვლის მდგომარეობით 33 ავიაკომპანია 69 მიმართულებით ოპერირებდა. ასევე 3 სატვირთო კომპანია 3 რეგულარული მიმართულებით. 

როგორც კარანაძე განმარტავს, ახლა ეს მონაცემები განულებულია, გარდა სატვირთო რეისებისა. 

“დაახლოებით 3200 რეისი არის გაუქმებული თებერვლიდან აპრილის ბოლომდე. ანუ ეს არის შესაბამისად, ვერ მიღებული შემოსავალი და ტურისტი” – განმარტავს კარანაძე.

რაც შეეხება რეისების აღდგენას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა მიიღონ. 

“საქართველომ რომც გახსნას საზღვრები და სხვა ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყოს, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ პროცესები უნდა მოხდეს ეტაპობრივად” – აცხადებს კარანაძე.