საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 85%-იანი კლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 105 279 მგზავრს მოემსახურა, რაც 85,20%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით. 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის აეროპორტები სულ 711 536 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 016 096 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-მარტის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 89,64%-იან კლებას აჩვენებს.
მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მესამე ტალღის გამო დაწესებული, თუ დასაწესებელი შეზღუდვები რა შედეგ დადებს ჯერჯერობით უცნობია.
2021 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100 094 მგზავრს მოემსახურა, რაც 79,11%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის I კვარტალის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479 120 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-მარტში 804 671 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მგზავრთნაკადის 87,56%-იანი კლებაა.
იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 3 946 მგზავრი გაატარა, რაც 91,70%-ით ნაკლებია 2020 წლის, ხოლო 92,40%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 3 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47 553 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 3 თვეში 51 900 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით თითქმის 100%-იანი კლებაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით მგზავრთნაკადის 99,82%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით კი 99,79%-იანი. 2021 წლის I კვარტალში აეროპორტი 327 მგზავრს, 2020 წლის – 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის I კვარტალში 156 784 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 79,36%-იანი კლებაა (346 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში 41,80%-იანი კლება (110 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 70,49%-იანი კლება (456 მგზავრი) დაფიქსირდა.