საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 79.4%-იანი კლებაა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და პანდემიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები 750 ათას 155 მგზავრს მოემსახურნენ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 3 მლნ 640 ათას 491 მგზავრს, შესაბამისად კლებამ 79,4%-ი შეადგინა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვითვე, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 514 ათას 814 მგზავრი მიიღო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 651 ათას 736 მგზავრი, შესაბამისად კლებამ 80%-ი შეადგინა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, რვა თვეში აეროპორტმა 88.6%-ით ნაკლები მგზავრი მიიღო, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით სულ 50 ათას 619 მგზავრმა ისარგებლა. მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობა 444 ათას 252 მგზავრმა მოახერხა.
მგზავრთნაკადის 66,16%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 181 ათას 994 მგზავრმა ისარგებლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537 ათას 826 მგზავრმა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად მგზავრთნაკადის კლება დაფიქსირდა მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებშიც ამის მიზეზიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებია. მართალია შიდა რეისებზე შეზღუდვა საერთაშორისო რეისებთან შედარებით გაცილებით ადრე მოიხსნა, თუმცა პანდემიის გამო აგვისტოში მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, რამაც შიდა ტურიზმი და მათ შორის ფრენებიც გააჩერა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა. თვეების განმავლობაში აეროპორტები პრაქტიკულად გაჩერებული იყო და მხოლოდ სპეცრეისებს იღებდა. ამ ხნის განმავლობაში იყო ცის გახსნის რამდენიმე დაპირება, თუმცა შეზღუდვა თვიდან თვემდე ვადდებოდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე იქნება დახურული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიერ გამოცემული მორიგი NOTAM-ის მიხედვით ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან, ასევე ქუთაისის მიმართულებით რიგადან.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს. 4 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კი რეისების აღდგენას გეგმავს ავიაკომპანია Wizz Air-ი.
“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.