საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის პირველ კვარტალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 40%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1419287 მგზავრს მოემსახურა, რაც 35%-ით მეტია 2023 წლის პირველი 3 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 103%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მარტში 1016096 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მარტში 700200 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მარტში 1050864 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში კი 1419287 მგზავრს.
2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 913882 მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-მარტში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713660 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 507050 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მარტში კი 804671 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მგზავრთნაკადის 14%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 80%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით მგზავრთნაკადის 99%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 103291 მგზავრი გაატარა, რაც 34%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77077 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-მარტში 68474 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტში კი 51900 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 154%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 57%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 228%-იანი ზრდა
2019 წლის 3 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156784 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მარტში 121470 მგზავრს, 2023 წლის 3 თვეში 253073 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 398015 მგზავრს.