sponsored by TAV Georgia

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 1257%-იანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 229 ათას 311 მგზავრს მოემსახურნენ, 2021 წლის იანვარში კი 16 ათას 903 მგზავრს. შესაბამისად ზრდა 1256,63% იყო.

2020 წლის იანვარში ქვეყნის აეროპორტებმა 314 ათას 672 მგზავრი მიიღეს. შესაბამისად 2022 წლის იანვარის მონაცემები 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 27,13%-იან კლებას აჩვენებს.

2022 წლის იანვარში თბილისის აეროპორტი 166 ათას 826 მგზავრს მოემსახურა, რაც 913,59%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვრის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 16 ათას 459 მგზავრს, 2020 წლის იანვარში კი 211 ათას 590 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 21,16%-იანი კლებაა.

2021 წლის იანვართან შედარებით ​მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. იანვარში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 22 ათას 794 მგზავრი გაატარა, რაც 17300%-ით მეტია 2021 წლის, ხოლო 3,61%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2021 წლის პირველ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 131 მგზავრს, ხოლო 2020 წლის იანვარში 21 ათას 999 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის 12376%-იანი ზრდაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 12375,72%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვართან შედარებით კი 50,99%-იანი კლება. 2022 წლის იანვარში აეროპორტი 39 ათას 49 მგზავრს, 2021 წლის იანვარში 313 მგზავრს, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 79 ათას 672 მგზავრს.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის გამოცოცხლება სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით 100,00%-იანი ზრდაა, 2020 წლის იანვართან შედარებით კი 68,90%-იანი კლება. აღსანიშნავია, რომ მესტიის აეროპორტი მაშინ არსებული რეგულაციების მიხედვით მგზავრებს არ მომსახურებია.

2021 წლის იანვართან შედარებით ასევე 100%-იანი ზრდაა ასევე ამბროლაურის აეროპორტშიც. ამის მიზეზიც ასევე არის ის, რომ რეგულაციების გამო აეროპორტს 2021 წლის იანვარში რეისები არ მიუღია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ამბროლაურის აეროპორტი 2022 წლის იანვარში 23,76%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2020 წლის იანვარში. ხოლო რაც შეეხება ნატახტარის აეროდრომს, ის 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის ასევე 100%-იანი ზრდაა. ამის მიზეზი კი იდენტურია. 2022 წლის იანვარში აეროდრომი 51,72%-თ ნაკლებ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2020 წლის იანვარში.

შეგახსენებთ, რომ მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხნა დაიწყო. თუმცა დღეისათვის “ომიკრონის” შტამის გამო მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა.