2021 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020 ასევე 2021 წლის მოლოდინები.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე, სადაც საავიაციო ინდუსტრიაზე COVID-19-ის გავლენაზე იყო მსჯელობა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენს, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა.
“ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა, 2019 წელს გლობალურმა ზრდამ 4.9%-ი შეადგინა, ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6%-ის დონეზე დაფიქსირდა.
გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ 640%-ი შეადგინა.
საპროგნოზო მონაცემების თანახმად საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი იყო 2020 წელს მგზავრთანაკადის 15%-ით, 2021 წელს 10%-ით, ხოლო 2020 წელს 8%-ით ზრდა”, აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.
COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისების გაუქმება მოხდა. მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.
“მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა.
პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, აცხადებს ჭილაშვილი.
მისი განმარტებითვე, პანდემიის ადრეულ ეტაპზე საავიაციო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლების (მათ შორის Eurocontrol და IATA) პირველადი მოლოდინების თანახმად, საჰაერო მიმოსვლის თითქმის 80%-ით აღდგენა უკვე 2020 წლის ბოლოსათვის ივარაუდებოდა. თუმცა როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს 2020 დეკემბერში ფაქტობრივი მონაცემი -60%-ს შეადგენდა.