საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 6 908 493 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 70%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 877 967 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 4 059 453 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 5 525 365 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი 6 908 493 მგზავრს.
2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 406 773 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 390 432 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 736 990 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ნოემბერში კი 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 11 თვის 2019 წლის 11 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 27%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 61%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 50%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 897 159 მგზავრი გაატარა, რაც 51%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 11 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 592 958 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 584 114 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი 597 912 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 100%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 122%-იანი ზრდა.
2019 წლის 11 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 791 399 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 710 764 მგზავრს, 2023 წლის 11 თვეში 1 514 105 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 580 203 მგზავრს.