პროფესიული დღის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
შეხვედრის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა მიმდინარე წლის 11 თვის სტატისტკაც შეაჯამა და საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა. ლევან კარანაძის ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. აქვე სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემული პერიოდისთვის დაახლოებით 16%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული. მისი განცხადებით, საპროგნოზო მაჩვენებლებთან ჩამორჩენა 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 პროცენტიანი კლებაა. 11 თვეში აეროპორტი 3 470 411 მგზავრს მოემდახურა. იანვარ-ნოემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 597 912 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 3% ით მეტია 2018 წლის 11 თვეში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის 41%-იანი ზრდა აქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. 11 თვის მონაცემებით აეროპორტი 791 399 მგზავრს მოემსახურა. დადებითი დნამიკა შენარჩუნდა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მგზავრთნაკადის კუთხით. მესტიის აეროპორტი 7 997 მგზავრს (+22%) მოემსახურა, ხოლო ამბროლაური 1 885 მგზავრს (+21%).
2019 წლის განვლილი თერთმეტი თვის განმავლობაში, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 რეისით მეტი განხორციელდა. შესაბამისად, შესრულებული რეისების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 0.4%-ით გაიზარდა. 3%-იანი კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 22 672 ტონა შეადგინა.
მთლიანი წლისთვის (12 თვე), სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მგზავრთნაკადის დაახლოებით 2-3%-იან ზრდას ელოდებიან. გასული წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ღონისძიებაზე ავიაკომპანიების ამჟამინდელი წილობრივი მაჩვენებლებიც შეაჯამა. ლევან კარანაძის ინფორმაციით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 16%-იან წილს ფლობს. 11% და 10%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე “Turkish Airlines”-ი და “Georgian Airways”-ი იმყოფებიან.