ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებულმა ავიარეისების რაოდენობამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი წერს. ქვრივიშვილის განმარტებით, 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ფრენები ხორციელდება 105 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 670 სიხშირით.

„2024 წელი რეკორდული იყო შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნდა ავიაკომპანია Austrian Airlines-ი და British Airways-ი.

მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესი. დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე;

გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გამტარუნარიანობა 1,7 მლნ მგზავრიდან 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება“, წერს მარიამ ქვრივიშვილი.