რა წესების დაცვით იქნება შესაძლებელი საჰაერო გზით მგზავრობა? რა არის დასაშვები და რა ეკრძალებათ მგზავრებს აეროპორტში გამოცხადებისას – ცნობილია ის აუცილებელი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.
“ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
თამარ არჩუაძის განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ. “ჩაფრენის აეროპორტში კი მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც გაემგზავრებიან”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.