საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის მხოლოდ 41.5%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 მლნ 719 ათას 598 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,30%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, თუმცა 58,46%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან მიმართებაში.
2020 წლის 9 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 777 053 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 58,46%-იან კლებას აჩვენებს.
მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მეოთხე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია.
2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მლნ 130 ათას 495 მგზავრს მოემსახურა, რაც 110,43%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 537 ათას 220 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი 2 მლნ 971 ათას 398 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 61,95%-იანი კლებაა.
სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის 9 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 415 ათას 777 მგზავრი გაატარა, რაც 713,88%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 20,66%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 9 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51 ათას 86 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 9 თვეში 524 ათას 68 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 74%-იანი კლებაა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 10,23%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი 74,02%-იანი. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი 163 ათას 582 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 182 ათას 217 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 629 ათას 618 მგზავრს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 35,00%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან 47,22%-იანი კლება.
ამბროლაურის აეროპორტში 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 63,05%-იანი მატება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 5%-იანი კლება. ხოლო ნატახტარის აეროდრომში გასული წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 56,91%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 28,93%-იანი კლება.