საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის მხოლოდ 32,48%-ით დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 994 ათას 315 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,97%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებთან შედარებით, თუმცა 67,52%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-ივლისთან მიმართებაში.

2020 წლის 7 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 731 ათას 289 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ 61 ათას 750 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 67,52%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მესამე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია. 

2021 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 684 ათას 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 37,89%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 7 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 496 ათას 201 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-ივლისში კი 2 მლნ 254 ათას 691 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისში 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 69,65%-იანი კლებაა. 

სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 231 ათას 242 მგზავრი გაატარა, რაც 368,83%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 33,51%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 7 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 49 ათას 323 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 7 თვეში 47 765 მგზავრს მოემსახურა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით თითქმის 59,87%-იანი კლებაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 59,87%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით კი 84%-იანი. 2021 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტი 72 ათას 983 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივლისში 181 ათას 883 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 449 ათას 700 მგზავრს.  

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი ივლისში დაიწყო და წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადის მონაცემები სავარაუდოდ გაუმჯობესებული იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,32%-იანი კლებაა (2 061 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში კი პირიქით 2020 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 228%-იანი მატება (873 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 65%-იანი ზრდა (2 934 მგზავრი) დაფიქსირდა.