საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 85%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 77,91%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტები სულ 2 496 448 მგზავრს, 2020 წელს კი 833 846 მგზავრს, ხოლო 2019 წელს 5 209 466 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის მაჩვენებლებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 14,75%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 432,63%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 77,91%-იანი მატება.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 2022 წლის 24 თებერვლიდან ჩაკეტა..
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა, რაც 78,11%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 683 696 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 590 123 მგზავრს, ხოლო 2019 წელს კი 3 692 136 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 12 თვეში 2019 წლის 12 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 18,78%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 408,16%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით კი 78,11%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 81,22%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წელს.
მგზავრთნაკადის 98,84%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2022 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 616 885 მგზავრი გაატარა, რაც 19,55%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1099,89%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 1,16%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 12 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 516 017 მგზავრს, 2020 წელს 51 412 მგზავრს, ხოლო 2019 წელს კი 624 151 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 91,12%-ი დაიბრუნა. (აღდგენის დინამიკა შესაძლოა უფრო დინამიური ყოფილიყო, თუმცა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია მოახდინა და რამდენიმე კვირის განმავლობაში აეროპორტი მთიანად დაკეტილი იყო და რეისებს ვერ ემსახურებოდა)
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 181,78%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 332,94%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 8,88%-იანი კლება. 2022 წელს აეროპორტი 796 063 მგზავრს, 2021 წელს 282 514 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 183 873 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 873 616 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 82,55%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 196,52%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 8,81%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2022 წელს 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 32,85%-იანი მატება, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 118,86%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 35,15%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში 2021 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 147,75%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 332,15%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 95,51%-იანი ზრდა.