საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 69,33%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 327 719 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის იანვარ-მაისში ქვეყნის აეროპორტები სულ 361 177 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-მაისში კი 719 295 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 5 თვეში 1 914 974 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-მაისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 30,67%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84,59%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 267,61%-იანი ზრდა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახება.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 916 016 მგზავრს მოემსახურა, რაც 215,67%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ხუთი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 290 181 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 485 729 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში კი 1 485 118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 5 თვეში 2019 წლის 5 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 38,32%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 88,59%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი 215,67%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 61.68%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 152 733 მგზავრი გაატარა, რაც 169,32%-ით მეტია 2021 წლის, 213,60%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 12,36%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 5 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 56 710 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-მაისში 48 703 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 5 თვეში 135 926 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 87,37%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 2047,14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 38,97%-იანი კლება, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 12,63%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-მაისში აეროპორტი 252 160 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-მაისში 11 744 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 288 626 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მათ მოახერხეს და პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები დაიბრუნეს და მგზავრთნაკადის სტატისტიკა გააუმჯობესეს კიდეც.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 5 თვეში 2021 წლის 5 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 194,10%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 51,79%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 1,15%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 61,82%-იანი მატება, 2020 წლის 5 თვის მაჩვენებლებთან შედარებით 247,62%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 74,73%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 5 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 183,95%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 133,59%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 49,56%-იანი ზრდა.