საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 81%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 716 700 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 85,06%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის 10 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 2 008 351 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 799 016 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 10 თვეში 4 564 038 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 18,57%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365,16%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 85,06%-იანი ზრდა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახა.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 504 898 მგზავრს მოემსახურა, რაც 88,32%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის 10 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 330 102 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 556 635 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 3 255 840 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის 10 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 23,06%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 350,01%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი 88,32%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 77%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის 96%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 549 961 მგზავრი გაატარა, რაც 19,37%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 973,79%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 3,79%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 10 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 460 717 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 51 217 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 10 თვეში 571 604 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 89%-ი დაიბრუნა. (აღდგენის დინამიკა შესაძლოა უფრო დინამიური ყოფილიყო, თუმცა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია მოახდინა და რამდენიმე კვირის განმავლობაში აეროპორტი მთიანად დაკეტილი იყო და რეისებს ვერ ემსახურებოდა)
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 2021 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 209,91%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 248,42%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 11,21%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი 639 086 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 206 218 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 183 426 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 719 752 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 10 თვეში 2021 წლის 10 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 98,83%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 170,91%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 8,56%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 46,43%-იანი მატება, 2020 წლის 10 თვის მაჩვენებლებთან შედარებით 122,22%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 37,14%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 10 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 118,60%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 233,41%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 59,91%-იანი ზრდა.