Passenger airplane taking off

საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 74%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 263 872 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 128%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის აეროპორტები სულ 994 306 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივლისში კი 731 289 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 7 თვეში 3 061 750 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-ივლისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 26,06%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 209,57%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 127,68%-იანი ზრდა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახება.

როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 931 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის შვიდი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 684 213 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 496 201 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი 2 254 691 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 7 თვეში 2019 წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 32,77%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 205,51%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით კი 121,56%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 67%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მგზავრთნაკადის 90%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 313 032 მგზავრი გაატარა, რაც 35,37%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 534,66%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 9,99%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 7 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 231 242 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივლისში 49 323 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 7 თვეში 347 765 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 94%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში 2021 წლის იანვარ-ილნისთა შედარებით მგზავრთნაკადის 478,22%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 132,02%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 6,16%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტი 422 000 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-ივლისში 72 983 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 883 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 449 700 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 7 თვეში 2021 წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 105,43%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 130,74%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 2,01%-იანი კლებაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 48,57%-იანი მატება, 2020 წლის 7 თვის მაჩვენებლებთან შედარებით 387,59%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 52,95%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 151,47%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 314,26%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 66,73%-იანი ზრდა.