20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის  ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა. 

ონლაინ კვირეულში მონაწილეობა მიიღეს ოპერირების მიმართულებით აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ ლევან ცხადაძემ, უსაფრთხოების და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშილმა და ადამიანური რესურსების მენეჯერმა თეა სიხარულიძემ. საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ქონდათ თითოეული მათგანისთვის დაესვათ კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ იმ უნარ-ჩვევებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დასაქმების მსურველი კანდიდატებისგან ითხოვს.

ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 5 ვაკანსიაა გამოცხადებული: კომპანიის ცენტრალურ ოფისში შემოსავლების აღრიცხვისა და ბილინგის სამსახურის მენეჯერის, ფინანსური კოორდინატორის, იურისტისა და საავიაციო ბიზნესგანვითარების კოორდინატორის პოზიციაზე. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – ბილინგის მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში. დასაქმების კვირეული დასრულებისთანავე კი საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ახალ ნაკადს საშუალება აქვთ გამოაგზავნონ CV  იმ მიმართულებით, სადაც სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.