“საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება” – აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მონაწილეობა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ მიიღო და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორს, ტურისტულ სექტორსა და საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ქუთაისის აეროპორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

“არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორს გავაცანით საქართველოს საავიაციო ბაზრის აღდგენის დინამიკა, ასევე ცალკე გამოვყავით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სულ მალე აბუ-დაბის საჰაერო გზით დაუკავშირდება. ვისაუბრეთ განახლებული აეროპორტის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე. ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ბაზარი საქართველოში მზარდია. რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან იქიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან”,- განაცხადა ინგა ბაკურიძემ.

15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება – აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტურისტულ სექტორსა და საამიროების ტურისტულ სექტორს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.