22-24 აპრილს, დანიის ქალაქ ორჰუსში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 იმართება. რიგით მე-18 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 450-ზე მეტი ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს.
ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2024-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრები და პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.
ROUTES EUROPE 2024-ის ფარგლებში ასევე განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სფეროების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.