ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს.

ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. პროცესები ყველა ეტაპზე წარიმართება სრულად გამჭვირვალედ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) მზად არის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.

დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.

კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად,  სხვადასხვა ლოკაციებზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში ონლაინ აუქციონები გამოცხადდება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე. მათ შორის რესტორნებზე, სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და ა.შ. ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების ქცევები, საჭიროებები და სურვილები.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge