მესტიაში კულინარიული ფესტივალი ,,გემო ფესტი“ დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობდა. ღონისძიების მთავარი პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იყო. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით 5 რეისი დაამატა.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით ორდღიანი ღონისძიება მესტიაში წარმატებით ჩატარდა.

,ტრადიციულად, წელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა ,,გემო ფესტს,“ სადაც წარმოდგენილი ვიყავით მესტიის აეროპორტით. ორი დღის განმავლობაში, მესტიაში, სეტის მოედანზე მიმდინარეობდა ყველაზე გემრიელი ფესტივალი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ,,გემო ფესტს“ ბევრი ტურისტი და ადგილობრივი დაესწრო“ – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად განახორციელებს კონტრიბუციას აღნიშნულ ფესტივალზე და მხარს დაუჭერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდეს.

მესტიის ცენტრში გამართულმა „გემო ფესტმა“სტუმრებს სვანური კულინარიის გამორჩეულ გემოები და ტრადიციები გააცნო. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფების მიერ სვანური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციები. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება, ადგილობრივი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერა.