8-10 აპრილს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავიაფორუმი ‘’ROUTES EUROPE 2019“ გაიმართება. რიგით მე-14 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის 300 აეროპორტის, 100 ავიაკომპიისა და ტურიზმის სფეროს 50 წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

ქართულ დელეგაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ‘’ROUTES EUROPE 2019“-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

სამდღიან ფორუმზე გაიმართება პირისპირ შეხვედრები აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე  აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების  საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.